ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს
ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება.

საკანონმდებლო ორგანო ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება.

ამასთან, ცვლილებები რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება. ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.

გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.