ახალ საგადასახადო ინიციატივას დღეს მეწარმეები ქუთაისში გაეცნენ
ახალ საგადასახადო ინიციატივას დღეს მეწარმეები ქუთაისში გაეცნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა დღეს ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა.

შეხვედრა  ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

„გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში. როგორც ცნობილია, მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის ხუთჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში”, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ განხორციელდება მისი ადმინისტრირება, ასევე, რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.