მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
მონტე კარლოს მასტერსზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ერთი საფეხურით დაქვეითდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი – ის მე-18 პოზიციაზე იმყოფება 1930 ქულით.
ამ კვირას, ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის მორიგ ტურნირს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. ის მეოთხე ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შორის გამარჯვებული.
იმისთვის, რომ სარეიტინგო ქულები არ დაკარგოს, ბასილაშვილმა მეოთხედფინალამდე უნდა მიაღწიოს. შარშან, ქართველი უნგრულ ტურნირს სწორედ ამ ეტაპზე გამოეთიშა, როცა იტალიელ ანდრეას სეპისთან დამარცხდა.