ახალ პლატფორმას sheamotsme.ge უკვე 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს
ახალ პლატფორმას sheamotsme.ge უკვე 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ პლატფორმას – sheamotsme.ge, სადაც ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმებაა შესაძლებელი, უკვე 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ვებპლატფორმა მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუშაობს და მისი საშუალებით, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აქვს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს, რაც პირველ ჯერზე გაფრთხილებას, განმეორებით შემთხვევაში კი, ფულად სანქციას გულისხმობს. ჯარიმების ოდენობა  3 000-დან 270 ათას ლარამდეა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, იმისთვის, რომ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ადეკვატური იყოს, კომისიამ ერთი წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები განახორციელა. მიიღო დადგენილება, რომლითაც ინტერნეტ-მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრა და მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები დადგინდა. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ, რომელიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.

მომხმარებელს ახალ პლატფორმაზე shemaotsme.ge მუდმივ რეჟიმში შეუძლია, შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს, მომხმარებელმა კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი უნდა გაგზავნოს. უწყება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი