ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირი ჩინეთთან თანამშრომლობს
ევროკავშირი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთთან თანამშრომლობს და ოფიციალური პეკინისგან განახლებულ ინფორმაციას იღებს.
22 იანვარს ევროკომისიაში სპეციალური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრებენ.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ქალაქ უხანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსი კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც 2002-2003 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.