ახალ გვინეაში შოკოლადისფერი ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ახალ გვინეაში შოკოლადისფერი ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ახალ გვინეაში ხის ბაყაყის პოტენციურად ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც სიურპრიზებით არის სავსე. მაგალითად, თავის კაშკაშა მწვანე ნათესავებისგან განსხვავებით, ეს არსება შოკოლადისფერია.

ამას გარდა, ის სრულიად მოულოდნელ ადგილას იპოვეს.

„ამ აღმოჩენის შესახებ ცოტა გასაკვირი ის არის, რომ ავსტრალიის კარგად ცნობილ, ჩვეულებრივ ხის მწვანე ბაყაყს ახალი გვინეის ტროპიკული ტყეების დაბლობებში მივიწყებული ნათესავი ჰყოლია“, — ამბობს გრიფიტის უნივერსიტეტის ფილოგენეტიკოსი პოლ ოლივერი.

მისივე თქმით, ამის გამო, ახალ ბაყაყს Litoria mira უწოდეს, რადგან სიტყვა „მირა“ ლათინურად უცნაურს, გასაკვირს ნიშნავს.

კვლევის ფარგლებში, ავსტრალიური ბაყაყის გვარის, Litoria-ს წარმომადგენლებს ეძებდნენ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში.

ამჟამად, ბაყაყების სამყაროში არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ, მიეკუთვნება თუ არა საერთოდ ავსტრალიაში ხის მწვანე ბაყაყი Litoria-ს გვარს. 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, Litoria რამდენიმე ცალკეულ გვარად დაიყო; გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩვეულებრივი მწვანე ხის ბაყაყი სინამდვილეში შეიძლება Ranoidea-ს გვარს ეკუთვნოდეს.

თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ ეთანხმება და ასეთი დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებს გენეტიკური ანალიზების მონაცემთა სიმწირის გამო; შესაბამისად, ახალი კვლევის ავტორები შესწავლილ სახეობას Litoria-ს უწოდებენ და არა Ranoidea-ს.

მკვლევართა ჯგუფი ჩვეულებრივი ავსტრალიური ხის მწვანე ბაყაყის (Litoria caerulea) გავრცელების არეალს იკვლევდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილსა და ახალ გვინეაში. უახლოეს წერტილში, ოკეანით გაყოფილი ეს ორი ადგილი ერთმანეთისგან 150 კილომეტრით არის დაშორებული, ერთ დროს კი სახმელეთო ხიდით იყო შეერთებული, როდესაც პლანეტა უფრო ცივი იყო, ზღვის დონე კი დაბალი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარსულში ამ ორი რეგიონის სახეობებს შორის მნიშვნელოვანი აღრევა მიმდინარეობდა; მათ შორის იყო ჩვეულებრივი მწვანე ხის ბაყაყიც, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა როგორც ავსტრალიაში, ისე ახალ გვინეაში. შედეგად, ბაყაყის გავრცელების არეალი სხვადასხვაგვარ კლიმატებში გაიზარდა: ახალ გვინეაში ეს ძირითადად ტროპიკული ტყეები იყო, ავსტრალიაში კი ძირითადად სავანები.

„ჩვენი კვლევა პირველია, რომელიც ბაყაყის ნომილანური ტაქსონის ფილოგენეტიკურ და ფილოგეოგრაფიულ მონაცემებს გვთავაზობს ამ ორი რეგიონისთვის“, — წერს ჯგუფი.

მკვლევართა განცხადებით, მათი კვლევა გვაძლევს მტკიცებულებებს როგორც უკვე არსებული და ახალი ბიოგეოგრაფიული ჰიპოთეზებისთვის, ისე იმის საფუძველს, რომ მათ აქამდე აღუწერელ სახეობას მიაგნეს.

ჯგუფმა ბაყაყები შეაგროვა, ჩაიწერა მათი ხმები და ხელახლა შეისწავლა მანამდე შეგროვებული ეგზემპლარები. ახალი გვინეის ზოგიერთი სამხრეთი ზონა სავანას წააგავს და სწორედ იქ იპოვეს ტრადიციული L. caerulea-ს წარმომადგენელთა უმეტესობა; მათ მრავალი საერთო თვისება ჰქონდათ ავსტრალიის კვინზლენდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილის ბინადარ ბაყაყებთან.

თუმცა, უფრო ჩრდილოეთით, ტროპიკული ტყეების უფრო ჭაობიან ზონებში, ჯგუფმა დაადგინა, რომ L. caerulea სინამდვილეში საერთოდაც არ იყო caerulea.

„აქვს უფრო მკაფიო ხმა, ჭყივის განმეორებადი, გრძელი სერიებით, რაც ყურისთვის L. caerulea-ს ხმისგან არ განსხვავდება“, — განმარტავს ჯგუფი.

თუმცა, როგორც ისინი წერენ, ახლად აღმოჩენილი L. mira ყველა სხვა დანარჩენი Litoria-სგან შეგვიძლია განვასხვაოთ შედარებით დიდი ზომით, ზურგის ყავისფერი შეფერილობით თეთრი და ყვითელი წინწკლების გარეშე; თვალის კიდეებთან კანის პატარა იისფერი მონაკვეთით; კიდურების ვენტრალური ზედაპირებით, ტანსა და ყელზე მუქი და მოყავისფრო წინწკლებით.

რა თქმა უნდა, ხის ბაყაყის სხვა ყავისფერი სახეობებიც არსებობს — Pelodryadidae-ს ოჯახში 215-ზე მეტი სახეობა შედის, რომლებიც მოიცავს როგორც Litoria-სა და Ranoidea-ს, ისე სხვა მრავალ ისეთ სახეობას, რომლებიც მთლიანად მწვანე არ არიან.

თუმცა, ახალი სახეობის აღმოჩენა მეცნიერთათვის ყოველთვის ამაღელვებელია და როგორც ისინი ფიქრობენ, ეს ახლად იდენტიფიცირებული ამფიბია, შეიძლება, ახალი გვინეის მასშტაბით გაცილებით მეტად იყოს გავრცელებული.

კვლევა Australian Journal of Zoology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი