აკაკი ზოიძე - ყველა თანხმდება, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მხოლოდ მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს  
აკაკი ზოიძე - ყველა თანხმდება, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მხოლოდ მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს  

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ რა ვადებში უნდა განხორციელდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმა.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლების მიმართ  ჰუმანიზაცია მოხდება.

„რა დონეზე და რა ვადებში – ალბათ, ეს იქნება მსჯელობის საგანი. რეალურად, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანი ციხეში მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა წავიდეს. ამაზე ყველა თანხმდება. მსჯელობის საგანია, რა ფორმით მოხდება და გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება რა ფორმით შეიძლება. ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ასეთი ცვლილებების შედეგად ნარკომომხმარებელთა რაოდენობის მატება თუ წახალისება არ მოხდება. მოხმარების გამო, ციხეში დღეს არავინ არის. არ მიგვაჩნია, რომ ეს რაღაც ფორმით წახალისებას გამოიწვევს. ამაზე საერთაშორისო გამოცდილებაც მეტყველებს, რათა ამ ადამიანების სინათლეზე გამოყვანას შევძლებთ, მათ ვაიძულებთ, მკურნალობის, ზრუნვის და პრევენციის პროგრამებს მიმართონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება. შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელებენ. სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.