აკაკი ზოიძე - ცვლილებები მორგებულია ეფექტიან, მოქნილ მთავრობაზე, რითაც დაახლოებით 120 მილიონი დაიზოგება
აკაკი ზოიძე - ცვლილებები მორგებულია ეფექტიან, მოქნილ მთავრობაზე, რითაც დაახლოებით 120 მილიონი დაიზოგება

სამინისტროების გაერთიანებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად, რომელიც 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არ მომხდარა.

„წინა ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით, 100 მილიონი ლარი დავზოგეთ. ცვლილებების მთავარი ამოცანაა არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ როგორ იმუშავებს. ცვლილებები მორგებულია ეფექტიან და მოქნილ მთავრობაზე, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს, მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქემდე სწრაფად მივიდეს და კორუფციისგან თავისუფალი იყოს. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება ამ თარგზე უნდა მოეწყოს. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება“, –  განაცხადა დეპუტატმა.

გასულ წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კულტურისა და სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდნენ, ხოლო გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ამჟამად, მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.