აკაკი ზოიძე - თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ
აკაკი ზოიძე - თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ

თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში, უახლესი გათვლებით, ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად სიკვდილისაგან და დავზოგავთ 3,5 მილიარდ ლარს იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს იწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საკომუნიკაციო კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ დაწყებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 1-ლი მაისიდან კანონი შევა ძალაში და შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა აიკრძალება. აკაკი ზოიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, უარი თქვან სიგარეტის მოწევაზე და გადაარჩინონ არამარტო მათი, არამედ სხვისი სიცოცხლე.

„დღეიდან ოფიციალურად ვიწყებთ საზოგადოების საკომუნიკაციო კამპანიას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვასთან დაკავშირებით და 1-ლი მაისიდან იწყება ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ნორმის დანერგვა, კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი. 1-ლი მაისიდან უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან. ეს არის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება. დაახლოებით ორი თვე დარჩა კანონის ამოქმედებამდე. კამპანიის ძირითადი ამოცანა გახლავთ, მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ 1-ლი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 000 კვადრატული კილომეტრი. მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრზალული, ისევ და ისევ მათი თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელსაც ამ საკომუნიკაციო კამპანიაში გავატარებთ. დამერწმუნეთ, შემდეგი 15 წლის განმავლობაში თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვით, გაერო-ს განვითარებისა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი გათვლებით, გადავარჩენთ ჩვენი 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად სიკვდილისგან და დავზოგავთ 3,5 მილიონ ლარს იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს იწვევს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებამდე, მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება.

„ჩვენ გვაქვს კიდევ ორი თვე დარჩენილი. აქამდეც მიმდინარეობდა და საკმაოდ ბევრი გაკეთდა მოსამზადებლად. გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელიც ამავე მოსამზადებელ სამუშაოებს ეძღვნებოდა. პირველ რიგში, ამ კანონის აღსრულება თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. გვინდა, ყველას გავაგებინოთ – ნუ იქნებით პასიური, ეს იქნება ერთ-ერთი მესიჯი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.