აკაკი ზოიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა
აკაკი ზოიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, არანაკლებ ნიშანდობლივია დანარჩენი ორი გადაწყვეტილებაც.

„ადამიანები, რომლებიც დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და წამებულის მანტიას ირგებენ, სწორედ იმ ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებიც არათუ წამებულები, არამედ თავად აწამებდნენ ადამიანებს და სწორედ ეს დაადგინა გოგოლაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ, ისევე, როგორც ვაზაგაშვილის საქმეზე. როდესაც დღევანდელი პერსპექტივით ვუყურებთ ამ ყველაფერს, ნიშანდობლივია, რომ ეს სამი საქმე ერთად გამოცხადდა და ძალიან კარგად ჩანს, ვინ არის დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი და ვინ არის საკუთარ ხალხზე ძალადობის, ტერორის განმახორციელებელი რეჟიმის წარმომადგენელი, რომლებსაც ელემენტარული ბოდიშიც არ მოუხდიათ ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო ქონებრივი დავა და ამას კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან.

„ძალიან მინდა, რომ არსებობდეს კრიტიკული და ობიექტური ტელევიზიები და მედიასაშუალებები, რადგან ეს არის ხელისუფლების დაბალანსების საშუალება და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. ასე რომ, მე ვემხრობი მედია დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოზიცია, არასდროს არც მე, არც ჩემს კოლეგებს არ გამოგვიხატავს მიუღებლობა თუნდაც ძალიან მიუღებელი პოზიციისა, „რუსთავი 2“ იქნებოდა, თუ სხვა ტელევიზია“, – განაცხადა ზოიძემ.