აკაკი ზოიძე - სახალხო დამცველს ვერ დავეთანხმები, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა
აკაკი ზოიძე - სახალხო დამცველს ვერ დავეთანხმები, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა

სახალხო დამცველს ვერ დავეთანხმები, რომ შრომის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ აღნიშნული მიმართულებებით ქვეყანაში ევროპული სტანდარტი არ არის, თუმცა აკაკი ზოიძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მივიღეთ კანონი შრომის უფლებების შესახებ. რაც შეეხება ასევე შრომის ინსპექციის გაძლიერებას, ესეც წავიდა წინ, ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამა ისევ გაიზარდა დამატებით 3 მლნ ლარით, სათემო მომსახურების მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გამოსწორდა მდგომარეობა სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ანუ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი იდგმება. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება და ამ პრობლემებს ჩვენც ვაღიარებთ და ვცდილობთ, გადავჭრათ. მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საოჯახო ტიპის საცხოვრისებში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე ჩვილ ბავშვთა და შშმ ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს მხარი დავუჭიროთ და ბევრი ადამიანის მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ასე რომ, ამ კუთხით პროგრესი უდაოდ სახეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.