აკაკი ზოიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციები, რომ 2020 წლის არჩევნებამდე პენსიები და ხელფასები არ გაიზარდოს, მიუღებელია
აკაკი ზოიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციები, რომ 2020 წლის არჩევნებამდე პენსიები და ხელფასები არ გაიზარდოს, მიუღებელია

ტენდენციური დასკვნაა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით, რომ არ გაიზარდოს პენსიები და ხელფასები, თითქოს და იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნებია 2020 წლის შემოდგომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ​„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასებასა და რეკომენდაციებზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ ლოგიკით პენსიები ვერასდროს მოიმატებს, რადგან ქვეყანაში არჩევნები ყოველ წელს ტარდება.

„სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ტენდენციური დასკვნაა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით, რომ არ გაიზარდოს პენსიები და ხელფასები, თითქოს და იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნებია 2020 წლის შემოდგომაზე. საქართველოში ყოველ წელს ესა თუ ის არჩევნებია, შესაბამისად, ამ ლოგიკით ხელფასები და პენსიები არასდროს უნდა გაიზარდოს და ჩვენ მოქალაქეებს არ უნდა შეუმსუბუქდეთ ტვირთი, რომელიც მათ აწვებათ ინფლაციის, სავალუტო კურსის თუ სხვა მიზეზების გამო. ასე რომ, მიუღებელია ეს ნაწილი რეკომენდაციების“,- განაცხადა ზოიძემ.

​„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო პენსიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან.