აკაკი ზოიძე პროფკავშირების წარმომადგენლებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდება
აკაკი ზოიძე პროფკავშირების წარმომადგენლებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დღეს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებსა და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდება.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპატელიანი აცხადებს, სოციალური სერვისების მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები.

„კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მთავარი საკითხი არის კოლექტიური შრომითი დავა, რომელიც მიმდინარეობს სოციალური სააგენტოს წინააღმდეგ მათი თანამშრომლების მხრიდან. სააგენტოში ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ეხება სერვისების გაუმართაობას, მათ შრომით პირობებს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს სააგენტოს საქმიანობის არაეფექტიანობას. ეს დავა დაიწყო სამ კვირაზე მეტია. მათ გამოიყენეს კანონით დადგენილი შემათანხმებელი პროცედურა, როგორიც არის მედიაცია შრომით დავაზე. მედიატორი დანიშნულია, თუმცა შვიდდღიანი სამუშაო ვადა ამოიწურა იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდა ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც კი”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, აუცილებელია, შეიქმნას რეაგირების ჯგუფი, სადაც სოციალური მუშაკები თავადაც იქნებიან ჩართულები.

„ვითხოვთ, შეიქმნას რეაგირების ჯგუფი, სადაც მუდმივ რეჟიმში იქნება განხილული ის პრობლემები, რომელიც არსებობს სააგენტოში; ის, რომ კადრები არის არასაკმარისი, მათი ანაზღაურება არის ძალიან დაბალი, ის, რომ მათ არ აქვთ შრომითი მოწყობის იმგვარი პირობები, რომელიც უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას. ოცზე მეტი საკითხია ჩამონათვალში. ჯერ კონკრეტული შეთანხმება ამ საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, მინისტრთან შეხვედრისას გაჟღერდა რამდენიმე საკითხი, როგორიც იყო კადრების დამატება, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ვფიქრობთ, რომ შეხვედრის შედეგად, საპარალამენტო ზედამხედველობის მექანიზმი გარკვეულწილად ამოქმედდება და კომიტეტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში დღის წესრიგში დააყენებს ამ საკითხებს. ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერა კომიტეტის თავმჯდომარისგან გვექნება”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.