აკაკი ზოიძე - პრემიერის შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან იყო ნაყოფიერი და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები
აკაკი ზოიძე - პრემიერის შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან იყო ნაყოფიერი და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები

დაისახა კონკრეტული ღონისძიებები და შეთანხმებებსაც მივაღწიეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აკაკი ზოიძემ ყურადღება გაამახვილა საკითხებზე, რაზეც მთავრობის მეთაურისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.

„საუბარი იყო პერსპექტივებზე, რა სავარაუდო სცენარები შეიძლება განვითარდეს ყველაზე მძიმე და ყველაზე საიმედო შემთხვევაში. ასევე, მზაობა, ის ღონისძიებები, რომელიც გატარდა მთავრობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის მიერ და რა ზომებია კიდევ გასატარებელი, ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა. ჩემი აზრით, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები და შეთანხმებებსაც მივაღწიეთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო ტესტირებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში.

„ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ტესტირება არ არის პანაცეა. ტესტირების გეგმა, რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში, ამ თემაზე ვიმსჯელეთ და ეს არის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს თემა, რომელზეც უკვე ჩამოწერილია კონკრეტული ღონისძიებათა გეგმა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარ ინსტრუმენტად და მთავარი შეჩერების მექანიზმად რჩება იზოლაცია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რასაც გვაძლევენ ფიზიკური დისტანცირების კუთხით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოჩენა.

„მთავარი, რეკომენდაცია კვლავ რჩება იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. ტესტირებას, პირველ რიგში, ეხმარება ის, რომ გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში უნდა მოხვდნენ კარანტინში და იზოლაციაში. ჩავთვალოთ, რომ ყველა ვართ რისკის ქვეშ, ყველა უნდა ვიყოთ იზოლაციაში და ყველა უნდა ვიყოთ კარანტინში. ეს არის ტესტირების ერთ-ერთი ძირითადი არსი. მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაიმე ახალს შეგვმატებს იმის გარდა, რაც დღეს არის. მოვუფრთხილდეთ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, მშობლებს იმით, რომ დავიცვათ იზოლაციის წესები. დავრჩეთ სახლში, ხოლო ყველა სხვა ადამიანი, დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, დამთავრებული გადაუდებელი სამსახურების, პოლიციის და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მოგემსახურებიან თქვენ და ყველა ერთად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი პრობლების შეკავებას“, – განაცხადა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა.