აკაკი ზოიძე - პირველი მაისიდან მწეველმა მოქალაქეებმა სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ არამწეველებს
აკაკი ზოიძე - პირველი მაისიდან მწეველმა მოქალაქეებმა სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ არამწეველებს

1-ელ მაისს ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეგულაციები. ამ საკითხზე დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება სამართლებრივი რეფორმის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა და ინფორმაცია სამთავრობო აღმასრულებელი სტრუქტურების მზადების პროცესების შესახებ.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვევიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, გაფართოებული დისკუსიის გამართვა მიზნად ისახავს სამართლებრივი რეფორმის ეფექტიანი დანერგვის ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებას და საზოგადოების ინფორმირებას კანონის აღსრულების დაწყებისათვის.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველ არხთან კიდევ ერთხელ ისაუბრა ახალი რეგულაციების შესახებ.

„ნებისმიერ საჯარო შენობაში იკრძალება მოწევა, ასევე კერძო ოფისებშიც. გარდა ამისა, სკვერებში, არასრულწლოვანთა თავშეყრის ადგილებში, სტადიონებზე, ოღონდ 2020 წლიდან. ასევე, რამდენიმე გამონაკლისია, როდესაც დაშვებულია მოწევა: ეს გახლავთ სამორინეები, ისიც იმის გამო , რომ ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან; ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში, იქ გადანაწილდება დირექტორის ბრძანებულების მიხედვით; ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში; სპეციალური ნებართვის შედეგად, სიგარაბარებში. მხოლოდ აივნებზე და ტერასებზე იქნება დაშვებული, სადაც კედლის მოცულობა აღემატება 50%-ს. პირველი მაისიდან ჩვენმა მწეველმა მოქალაქეებმა უნდა გამოუცხადონ სოლიდარობა არამწეველ მოქალაქეებს. ძირითადი აღსრულების ტვირთი ეკისრება ჩვენს მოქალაქეებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონს არ დაემორჩილებიან, ჯარიმდება ფიზიკური პირი ასი ლარით, ხოლო თუ პატრულს არ გამოუძახებენ, მაშინ კანონის დარღვევის შემთხვევაში, ავტომატურად ჯარიმდება იურიდიული პირი, თუ მან არ გააფრთხილა მოქალაქე და ეს გახლავთ 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.