აკაკი ზოიძე - ობიექტის ადმინისტრაციამ მოქალაქეს უნდა აუხსნას, რომ შენობაში მოწევა აკრძალულია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს
აკაკი ზოიძე - ობიექტის ადმინისტრაციამ მოქალაქეს უნდა აუხსნას, რომ შენობაში მოწევა აკრძალულია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს

ობიექტის ადმინისტრაციამ პატრული მხოლოდ მოქალაქის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიძახოს, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ობიექტის ადმინისტრაციას ვალდებულება აქვს, კანონი აღასრულოს და თუ არ სურს 500 და 1000 ლარით თვითონ დაჯარიმდეს, მოქალაქეს უნდა აუხსნას, რომ შენობაში მოწევა აკრძალულია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, პატრული უნდა გამოიძახოს. პირველ რიგში, მწეველს გვერდით მჯდომმა არამწეველმა უნდა უთხრას, რომ შენობაში მოწევა არ შეიძლება და ამისთვის გარეთ უნდა გავიდეს. მეორე ეშელონი უკვე ობიექტის ადმინისტრაციაა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიმემ ასევე აღნიშნა, რომ მერიას თხოვნით მიმართა, ჩილიმ-ბარებს ჩილიმის გარეთ გატანისა და მოსაწევი ადგილების მოწყობის საშუალება მიეცეთ.

„იმედი მაქვს, მერია საკითხს გაგებით მოეკიდება და ჩილიმ-ბარებს ნებართვას მისცემენ. ამის თაობაზე მათ დღეს ველაპარაკე და ამ თემას მივყვებით“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ 2003 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით მოსაწევი და არამოსაწევი ადგილები აქამდეც უნდა გამოყოფილიყო. 

ამ განცხადებით აკაკი ზოიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ ჩილიმ-ბარის მფლობელს, გია ნიშნიანიძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპაში დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვა ეტაპობრივად მოხდა, საქართველოში კი ამ უდიდესი პრობლემის გადაწყვეტა რადიკალურად, ყოველგვარი ეტაპების გავლის გარეშე გადაწყდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სიგარა ბარებში მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება კაზინოებს, მათი სტუმრების 70% უცხოელები არიან, რომლებიც იმავე რეგიონებიდან მოჰყავთ და კონკურენციას კვიპროსის სამორინეებს უწევენ, სადაც მოწევა დაშვებულია. სამორინეებში მოწევის აკრძალვა კლიენტურის კვიპროსის სამორინეებში გადადინებას გამოიწვევდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 1-ელი მაისიდან ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.