აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს

ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს,- ეს განცხადება ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, უწყებათაშორისი კომისია რეალურად პასუხისმგებელი იყო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაციის მიმართულებით.

„მისასალმებელია, რომ შეიკრიბა ეს კომისია და დიდი იმედი მაქვს, შევაჯერებთ პოზიციებს.

კიდევ რჩება საკამათო თემები. რაც მთავარია ვიზიარებთ პრინციპებს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გასაღებასთან.

პრევენცია ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის, მკურნალობა და ზრუნვა ნარკომომხმარებლების, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, ხოლო დეტალები როგორ ჩამოყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსში, ამ თემაზე შეხვედრაზე ვიმსჯელებთ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება.

სხდომას ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე  პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.