აკაკი ზოიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომლის გაადამიანურებასაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ახდენდა
აკაკი ზოიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომლის გაადამიანურებასაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ახდენდა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ალბათ გვექნება შესაძლებლობა, უმრავლესობის შიგნით შედარებით ფართო კონსულტაციები დავიწყოთ, რათა დავასრულოთ ის, რაც დაწყებული გვქონდა. ბიუროზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ერთი თვით გადავადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესი ორ კვირაში მაინც უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, გასაკვირია, როცა ხატია დეკანოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობენ, რადგან შესაძლოა, მათ პირადი მოსაზრებები ჰქონდათ, მაგრამ ისინი იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელმაც ის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა შეიმუშავა, რომლის გაადამიანურებასაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენდა. 

„აქ საუბარია გაადამიანურებაზე. ანუ, თუ გამსაღებელი არ არის და არ აშავებს, მომხმარებლის მიმართ ნარკოპოლიტიკა ადამიანური უნდა იყოს“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკი დაშვებადი გახდება.

„მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოიდგინეთ, თქვენს შვილს რომ ცხოვრებაში უცებ, შემთხვევით, წაბაძვით ან თანატოლთა ზეწოლით, დედიკოს ბიჭი ხომ არ ხარო, ფეხი წაუცდეს, წამალი გასინჯოს, ამ დროს დაიჭირონ და დღევანდელი კანონმდებლობით 6-8 წლით ციხეში გაუშვან. ეს ადამიანური მიდგომა არ არის. ეს არაადამიანური მიდგომაა, რომლის ავტორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ამას წლების განმავლობაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად და მოქალაქეების დასაშანტაჟებლად იყენებდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.