აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს
აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს და პროგრამის ამოქმედების დღიდან მიღწეულ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფომ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ადამიანზე ორიენტირება – ხელისუფლების უბრალოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტულ საქმეში გამოიხატება, რაც თავის დროზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გაკეთდა და ათასობით ადამიანი ფიზიკურად გადარჩა, ათიათასობით ოჯახი კი, კატასტროფული დანახარჯების გამო, გაღარიბებას გადაურჩა. ასევე უნიკალურია C ჰეპატიტის პროგრამა არამხოლოდ ამ ქყვეყანაში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს გარდა და ამის გამომწვევი ფაქტორი იყო სწორედ ხელისუფლების მობილიზაცია და ჩვენი სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმი, რათა არა მხოლოდ შეგვემუშავებინა, არამედ დაგვენერგა აღნიშნული პროგრამა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გვეძლევა შანსი, რომ 2020 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება მოვსპოთ, რომელიც ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში 150 000-მდე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.  50 000 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, 44 000-მა უკვე იმკურნალა. შედეგები შთამბეჭდავია – 98%-ზე მეტია  განკურნების მაჩვენებელი. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც ჯერჯერობით არ გაუვლია ტესტირება, აგრეთვე ისინი, ვისაც დაუდგინდათ C ჰეპატიტი, დროულად ჩაერთონ პროგრამაში, რადგან ეს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ და დავამარცხოთ C ჰეპატიტი. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა 2020 წლისთვის, რომელმაც ეს შეძლო“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ახალი ინიციატივაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებისთვის პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.

„C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრისთვის მოხდა იმ ბარიერების იდენტიფიცირება, რის გამოც არ ერთვებოდნენ ადამიანები როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის პროგრამაში და სამინისტრომ მაქსიმალურად შეამცირა ეს ბარიერები. მინიმუმ 140 ლარით შემცირდა საბოლოო დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ხარჯები. სკრინინგი, პირველადი დიაგნოზი უფასოა. გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ვეტერანებისთვის 70%-ს დაფარავს სახელმწიფო. გარდა ამისა, ხდება დეცენტრალიზაცია. ყველა მუნიციპალიტეტში ფიზიკურად ხელმისაწვდომი ერთი დაწესებულება მაინც იქნება, რომ გეოგრაფიული პრობლემაც აღმოიფხვრას. სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი, რომ მოქალაქეები ჩაერთონ დიაგნოსტირების და შემდეგ უკვე მკურნალობის პროგრამაში, რომლის ათეულ ათასობით ევროს ღირებულების მედიკამენტს აფინანსებს სახელმწიფო. “ – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.