აკაკი ზოიძე - მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტზე, რაც მოგვცემს მომავლის პერსპექტივას მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით
აკაკი ზოიძე - მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტზე, რაც მოგვცემს მომავლის პერსპექტივას მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით

მილიარდ ევროზე მეტი იქნება დახარჯული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტში და ეს მოგვცემს მომავლის პერსპექტივას მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„წყალტუბოსა და ქუთაისის პროექტები არამხოლოდ იმერეთში მცხოვრებ მილიონ მოქალაქეს, არამედ საქართველოს ოთხ მილიონამდე მოქალაქეს მისცემს რეალურ ხელშესახებ შედეგს, რომელიც პირველ ყოვლისა იმ ადამიანების ოჯახებში დადგება, რომლებიც ტურიზმის შემოსავლებით საკმაოდ დიდ თანხას იღებენ და ასეთი მილიონ ადამიანამდეა. ეს ყველაფერი არ იქნება კერძო, ეს იქნება სახელმწიფოსი და „ქართუ“ დარჩება ამ მართლაც საშვილიშვილო პროექტის როგორც კერძო დამფინანსებელი“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად დისკრედიტაცია გაუკეთოს იმ უზარმაზარ ქველმოქმედებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ბოლო 25 წლის განმავლობაში ეწევა ამ ქვეყანაში, ასეთი მეგაპროექტების დაანონსება, რა თქმა უნდა, მათ რიგებში იწვევს აბსოლუტურ დეზორიენტაციას. იწყება მერე მოგონება, რომ ეს არის არჩევნები, პოლიტიკა, შეუსრულებელი დაპირება. აღარ იციან რა არგუმენტები მოიფიქრონ, ბოღმა და სიძულვილი როგორ გადმოანთხიონ, რომ რაღაცნაირად სახელი გაუტეხონ ამ მართლაც ძალიან მაგარ პროექტს. თურმე ეს ქვეყანას დააზიანებს, ეს მოსყიდვა არის, ეს დემოკრატიას დაასამარებს და ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება იმის გამო, რომ მილიარდობით ლარი და დოლარი ჩაიდება ასეთ საშვილიშვილო პროექტებში“, – განაცხადა ზოიძემ.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ.  ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

დატოვე კომენტარი