აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გადასახედია
აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გადასახედია

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნა მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების შესახებ.

თუმცა, მისი თქმით, ამ პროგრამის ათვისება ძალიან დაბალია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს პრობლემა განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველებს. სოციალურად დაუცველებისთვის წამლები, 40-მდე დასახელების მედიკამენტი არის სიმბოლურ ფასში, პენსიონერებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ნახევარ ფასშია. მიუხედავად ამისა, ამ პროგრამის ათვისება საკმაოდ დაბალია. ამაზე ვიმსჯელეთ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე. ჭიაბერაშვილს ახასიათებს ზოგადად დაანონსება თემის, რაზეც იცის, რომ კომიტეტი უკვე მუშაობს. მოვუწოდებდი, რომ გარდა პოპულისტური განცხადებისა, სჯობს, გავაგრძელოთ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, საქმეზე მუშაობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე დაგეგმა მოსმენა საკითხებზე, როგორიცაა იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში.

„კომიტეტზე იქნება საჯარო მოსმენები, რომელია საუკეთესო ვარიანტი, რათა ჩვენი მოქალაქეები უზრუნველვყოთ მედიკამენტებით, რომელიც სჭირდებათ. კონკრეტული წინადადებები არსებობს, მათ შორის, პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაძლოა, ეს ცვლილებები წელსაც განხორციელდეს. რატომ გაიხარჯა შედარებით ნაკლები თანხა, ესეც პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე. არის ცალკეული ბარიერები, რომლის აღმოფხვრაზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

თუმცა, მისი თქმით, პროგრამის ფორმატი გადასახედია.

„ჩვენი აზრით და საკომიტეტო მოსმენის დასკვნაშიც ჩაიწერა, რომ ფორმატი საჭიროებს გადახედვას და ცვლილებას. 30 000-მდე ადამიანმა ისარგებლა, ეს არ არის ცოტა, მაგრამ არც საკმარისია. პოტენციურად უნდა ისარგებლოს 104 000 ადამიანმა ასეთი მომსახურებით. გარკვეული მარაგები არსებობდა შარშანდელი და როგორც კი ამოიწურება, მერე თავიდან გვიხდება შესყიდვა, სწორედ ამიტომ არ მოხდა ათვისება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროგრამა საჭიროებს გადახედვას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უნდა დაემატოს.