აკაკი ზოიძე - მამუკა ბახტაძეს მკაფიო გზავნილი ჰქონდა, რომ დროა, ოკუპაცია დასრულდეს და მსოფლიო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს
აკაკი ზოიძე - მამუკა ბახტაძეს მკაფიო გზავნილი ჰქონდა, რომ დროა, ოკუპაცია დასრულდეს და მსოფლიო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს გაერო-ში ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილი იყო, რომ დროა, ოკუპაცია დასრულდეს, მსოფლიო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს, იმ უსამართლობის ბოლოს მოღებას დაუჭიროს მხარი, რომელიც 25 წელია საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციისა და მავთულხლართების სახეს იღებს.

„27 სექტემბერი სიმბოლური იყო და პრემიერ-მინისტრს ამ დღის შესაფერისი გამოსვლა ჰქონდა, თან ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიოში უძველესია და ეს უძველესი ერი რუსი მეზობლის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. ქართველებს აფხაზ და ოსს ძმებთან ერთად წარსულიდან გაკვეთილების გამოტანა და მომავალზე ფიქრი გვჭირდება. ის, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარბაზში არ იჯდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს გზავნილი მიღებული არ იქნა. სამწუხაროდ, ასეთ გზავნილებზე პროვოკაციულ პასუხს ვიღებთ და დიდი იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება, რათა ოკუპაცია დასრულდეს“, – განაცხადა ზოიძემ.