აკაკი ზოიძე - კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს
აკაკი ზოიძე - კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მთელი არსენალი არსებობს, რომლითაც სახელმწიფომ ნარკომოხმარების რისკების პრევენცია უნდა მოახდინოს.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ნარკომომხმარებლების მიმართ გათვალისწინებულია შეზღუდვები როგორც მართვის უფლების ფლობაზე, ასევე ექიმად მუშაობაზე, საჯარო სამსახურში საქმიანობაზე და ა.შ.

მისი თქმით, ნარკორეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება.

“რაღაც საკითხებია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად კონსენსუსს მივაღწევთ. განსხვავებული პოზიციები ძირითადად ოდენობების თემას ეხება, კერძოდ, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, რაიმე კითხვა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს. გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ბერკეტები ამოქმედდება, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკომოხმარება დასჯად ქმედებად რჩება, პირადი მოხარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ზოიძემ.