აკაკი ზოიძე- ეროვნული იმუნიზაციის კალენდარს პაპილომა ვირუსისგან თავდასაცავი ვაქცინა დაემატა
აკაკი ზოიძე- ეროვნული იმუნიზაციის კალენდარს  პაპილომა ვირუსისგან თავდასაცავი ვაქცინა დაემატა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ აცრების ეროვნული კალენდრის ჩამონათვალი გააფართოვოს

აკაკი ზოიძის განმარტებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეჟიმში უკვე დაიწყო 9 წლის გოგონების უფასოდ აცრა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი აცრით.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების უფრო აქტიურად გამოყენების შემთხვევაში კი დღეს არსებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ამ დაავადებით წელიწადში 200 ქალი იღუპება, აღნიშნული რიცხვი მკვეთრად შემცირდება.

“ გეგმაზომიერად მივდივართ. ეროვნული იმუნიზაციის კალენდარს დაემატა პაპილომა ვირუსისგან თავდასაცავი ვაქცინა, რომელიც  ასობით გოგონას გადაარჩენს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ვფიქრობთ სხვა ვაქცინების შემოტანაზეც. მჭიდროდ ვმუშაობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან .
ეს ვაქცინა გახლავთ აბსოლუტურად აპრობირებულია. მთელი რიგი ქვეყნები გათავისუფლდა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან მაგალითად გერმანია. საფრანგეთიც მალე მიიღებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც იგივეს მივაღწიოთ, რადგან თუ არ ვცდები, საქართველოში ქალებს შორის სიმსივნურ დაავადებებში საშვილოსნის ყელის კიბო მესამე ადგილზეა”,-განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების სავალდებულო წესით ჩატარებას, აკაკი ზოიძის განმარტებით, ის ამ მეთოდს ემხრობა .

“ზოგადად ვემხრობი, რომ სავალდებულო იყოს აცრები და ეს საკანონმდებლო დონეზე დარეგისტრირდეს. მთელ რიგ ქვეყნებში აუცრელი ბავშვების სგანმანათლებლო დაწესებულებებში დაშვებაც აკრძალულია. მე ასეთი ზომის მომხრე ვარ, რადგანაც ვაქცინაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის დასაცავად შეუცვლელი მეთოდია “,-განმარტა აკაკი ზოიძემ.