აკაკი ზოიძე - დღევანდელი კანონმდებლობით მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის ზღვარი წაშლილია
აკაკი ზოიძე - დღევანდელი კანონმდებლობით მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის ზღვარი წაშლილია

ნარკოპოლიტიკის არსებული კანონმდებლობა არასწორი და არაადამიანურია, რეალობებსა და ადამიანების ბრალეულობას არ ითვალისწინებს იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლება ამ ადამიანის ბრალეულობა იკვეთებოდეს – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

აკაკი ზოიძე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პარლამენტის წევრს სასამართლოზე რაიმე სახით ზეწოლის მოხდენის უფლება არ აქვს.

„იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა, როგორი გარემოებები იყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა და დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტს იხილავს, ესეც მრავლის მთქმელია და ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებთ. ჩვენთვის ის შემთხვევა ნიშანდობლივია, როცა მოსამართლემ თქვა, რომ პიროვნების გათვალისწინებით მინიმალური სასჯელი გამოიყენა და ეს სასჯელი რვა წელია, რომელიც ძალიან ხანგრძლივი პერიოდია და ადამიანისთვის შანსის ძალიან შემცირებაა, რომ ის რვა წლის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას გააგრძელებს“, – განაცხადა ზოიძემ.

კანონმდებელი ყურადღებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ გამსაღებელთან დაუნდობლად უნდა იბრძოლონ, ხოლო მომხმარებლების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება გამოიჩინონ.

„ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია დღეს მოქმედ ნარკოპოლიტიკასთან. გამსაღებლების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ როცა საკმარისი ინსტრუმენტები არ გაქვს, რომ დაამტკიცო, ეს ადამიანი გამსაღებელია თუ გამავრცელებელი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში ყოველთვის კითხვები რჩება. კითხვების პირობებში, მოსამართლის დისკრეციის გარეშე გრძელვადიანი საპატიმრო ვადების არსებობა, რასაც დღეს კანონმდებლობა მოითხოვს, გაუმართლებელია. გამსაღებელთა მიმართ დაუნდობლად უნდა ვიბრძოლოთ, მომხმარებელთა დასჯის ნაცვლად კი, ჰუმანური დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინოთ და მათ დახმარება უნდა შევთავაზოთ, რომ ამ მანკიერი წრიდან გამოვიდნენ, მაგრამ დღეს არსებული კანონმდებლობით საზღვარი წაშლილია მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის“, – აღნიშნავს კანონმდებელი.

ზოიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ, აღარ იქნება ეჭვის საფუძველი, რომ რაღაც არასწორად ხდება და ასევე აღარ იქნება აღშფოთების საფუძველი, რომ ვიღაცას იმაზე მეტად სჯიან, ვიდრე იმსახურებს.

ნარკომომხმარებლების რაოდენობა იმ ქვეყნებში შემცირდა, სადაც პრევენცია ქვაკუთხედად გახადეს, ნარკომომხმარებლები სინათლეზე გამოიყვანეს, მათზე იზრუნეს და საზოგადოებაში უკან დაბრუნების უფლება და ცხოვრების ახალი აზრი მისცეს. მათ უკან დაბრუნებაში შეიძლება უდიდესი როლი ეკლესიას ჰქონდეს. ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ამ მიდგომით საზოგადოებაში უკან ნარკომომხმარებელთა ნახევარს მაინც დავაბრუნებთ. როცა მტკიცებულებების სიმკაცრე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში სასმართლოს დისკრეცია უნდა ჰქონდეს, კონკრეტული ადამიანი საზოგადოებისთვის რამდენად საშიშია, ჩადენილს რამდენად ინანიებს და მისთვის ეს მერამდენე შემთხვევაა. სასამართლოსთვის ეს დისკრეცია არ არსებობს და სასამართლო და პროკურატურა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ“, – დასძინა ზოიძემ.