აკაკი ზოიძე - დღეს ბაზარზე უცნობი ნივთიერებაა შემოსული, რომელიც კლავს დაუყოვნებლივ
აკაკი ზოიძე - დღეს ბაზარზე უცნობი ნივთიერებაა შემოსული, რომელიც კლავს დაუყოვნებლივ

დღეს ბაზარზე უცნობი ნივთიერებაა შემოსული, რომელიც კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი დაკავშირებულია ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება ადამიანი მოკლას.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადამიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, – განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ზოიძის თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მუშაობა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის ის რეფორმა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ძალიან მწვავე დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით, გაყოფილია აზრი. როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს იწვევს ასევე გააქტიურებას საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ დამოკიდებულება. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. მაქსიმუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც ამ ეტაპზე კონსენსუსის საშუალებით შეიძლება დაინერგოს. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა და ეს მხოლოდ შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, – განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე აცხადებს, რომ კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.