აკაკი ზოიძე - დღეს ანტიკრიზისული გეგმა აუცილებლად უნდა დაიდოს
აკაკი ზოიძე - დღეს ანტიკრიზისული გეგმა აუცილებლად უნდა დაიდოს

დღეს აუცილებლად უნდა დაიდოს მოვლენათა განვითარების სამივე სცენარის გათვალისწინებით შედგენილი ანტიკრიზისული გეგმა, რომ როგორც ბიზნესმა, ისე მოსახლეობამ თავი მშვიდად იგრძნოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შესაძლო შედეგები და საქართველოს კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ პანდემიური მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით სამი შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარით კრიზისი სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, მეორე – კრიზისის დასრულება შედარებით გახანგრძლივდება დაახლოებით ზაფხულის ბოლომდე და მესამე – ეკონომიკის სტაგნაცია.

ზოიძის მოსაზრებით, საქართველო პირველ ეტაპზე საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა ვირუსით გამოწვეულ სირთულეებს, თუმცა ამ ეტაპზე რთულია პროგნოზი, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები. მისი განმარტებით, სურათი უფრო ნათელი დაახლოებით თვენახევარში გახდება, მაგრამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასამშვიდებლად აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმა დაიდოს.

„დღეს ანტიკრიზისული გეგმა აუცილებლად უნდა იდოს და სამივე სცენარის გათვალისწინებით, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობისაც. ახლავე შეიძლება სავარაუდო სექტორების დადგენა, სადაც შეიძლება პრობლემა შეიქმნას. მაგრამ როგორ იქნება, რამდენი ნაწილი ექნება და ა.შ. ამას მთელი მსოფლიო ახლა სწავლობს. მაგალითად ტრამპი დღეს შეხვდა ზუსტად ბანკებს და სამ საკითხზე ესაუბრა: მცირე ბიზნესის სტიმულირებაზე, მოხმარების სტიმულირებაზე, რომ მომხმარებელს ნაღდი ფულის დეფიციტი არ ჰქონდეს და დიდი ბიზნესების სტიმულირებაზე. იქ ბანკები ჯანსაღად არიან და ჩვენთანაც ჯანსაღად არიან განსხვავებით 2008 წლის ფინანსური კრიზისისგან ეს პრობლემა დღეს არ გვაქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები სწორად მივმართოთ. მათ შორის ის რესურსები, რაც მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისაგან შეიძლება მივიღოთ, სწორედ მივმართოთ და არ გადავყაროთ წყალში. თორემ ის ასეული მილიონი შეიძლება არაფერში გამოგვადგეს, თუ არასწორად მივმართავთ. ამიტომ საჭიროა, სამივე სცენარის გათვალისწინება, რომ ადამიანები დავამშვიდოთ. ადამიანები ჯანდაცვის მიმართულებითაც უნდა დავამშვიდოთ. ჩვენ ვთქვით, რომ საავადმყოფოს საწოლები არის, რომ მოხმარების საგნების მარაგები არის საწყობებში, რომ ეს სასუნთქი აპარატები გამართულია. ესენი ვიზუალურად უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ პანიკური მოლოდინი არ ჰქონდეთ – რომ დამჭირდეს რა მოხდება. იმედია არავის დასჭირდება, მაგრამ უნდა იცოდნენ. ასევე ეს ანტიკრიზისული გეგმა უნდა არსებობდეს, სადაც ყველა სექტორი დაინახავს, რომ მას დაეხმარებიან, თუ ამის საჭიროება დადგა“, – განუცხადა აკაკი ზოიძემ „ბიზნესპარტნიორს“.