აკაკი ზოიძე - დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის
აკაკი ზოიძე - დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის

ჩემი გადაწყვეტილება ძალაში რჩება, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის, ყოველ შემთხვევაში, საჯარო და პარტიულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველმა გუნდმა მისი შეთავაზება არ გაიზიარა.

„დღეს უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა შეთავაზება, რაც მქონდა და მიმაჩნდა, რომ ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – ხალხისთვის გვეკითხა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. რაც შეეხება მიმავალს, ვხედავ რომ ჯერ გარკვეული რესურსი დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ რეჟიმში გადატანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი გადაწყვეტილება ძალაშია“, – განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მას არავისგან არანაირი გარანტია არ მიუღია.

„ძალიან მინდა, რომ პროცესები პოზიტიურ კალაპოტში გადავიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში,პოლარიზების და დაპირისპირების მიმართულებით. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, საით წავა ეს ყველაფერი – იქნება პოლარიზება თუ პროცესები ნორმალურად წარიმართება. ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის პროცესების ასე გაგრძელება, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი შეფასებით, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და პროცესების შეთანხმება.

„გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. დიალოგის რესურსს ვხედავ. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი. ულტიმატუმი მე არ დამიყენებია. იმედი მაქვს, ოპოზიცია გადავა ისეთ ქმედებებზე, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მონაწილე მხარეს, გადაიყვანოს პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში, როგორც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში და არა ქუჩის აქციებით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

​აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე რეფერენდუმს ან პლებისციტს ითხოვს, ასევე პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თემა დახურულია და 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.