აკაკი ზოიძე - ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტით დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკის ლეგალიზაციას არ ნიშნავს
აკაკი ზოიძე - ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტით დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკის ლეგალიზაციას არ ნიშნავს

ირანში, სადაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით სჯიან, პრობლემური ნარკომომხმარებლების იგივე რაოდენობაა, რაც იმ ქვეყნებში, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჰოლანდიასა და ირანში პრობლემური ნარკომომხმარებლები მოსახლეობის 0,3%–ია, ანუ ქვეყანას, სადაც ყველა სახის ნარკოტიკი პრაქტიკულად ლეგალიზებულია, პრობლემური ნარკომომხმარებლების იგივე რაოდენობა ჰყავს, რაც ირანს, სადაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით სჯიან“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, პრობლემური ნარკომომხმარებლების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე–3 ადგილზეა და 50 000 ადამიანი პრობლემური ნარკომომხმარებელია. 

„მათი დღე იმაზე ფიქრით იწყება, ნარკოტიკი როგორ მოიპოვოს, ოჯახიდან რა გაიტანოს, მეგობარს რა გაუკეთოს და ა.შ. მას არც მორალური ღერძი გააჩნია, არც არაფერი და მისთვის ამქვეყნად მხოლოდ ერთი საფიქრალი, ნარკოტიკი არსებობს. საზოგადოების წარმომადგენლები მწერენ ხოლმე, რომ ოჯახში ასეთი ადამიანი ჰყავთ, მაგრამ ის პოლიტიკა, რაც არის, არ უნდა შევცვალოთ. აბა, რა გავაკეთოთ?! პოლიტიკა კიდევ უფრო გავამკაცროთ?! ცხრა წლის განმავლობაში იყო ეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, მაგრამ მივიღეთ შედეგი?! პირიქით, ნარკომომხმარებლების რაოდენობამ მოიმატა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, დეკრიმინალიზაციის არსი საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა.

„ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკის ლეგალიზაციას არ ნიშნავს. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკი დასჯადი რჩება და კონფისკაციას ექვემდებარება, ჯგუფური მოხმარება დასჯადია, არასრულწლოვანთა წინაშე მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია და ა.შ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ნარკომომხმარებლის მიმართ საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, ადმინისტრაციული სასჯელი გამოიყენება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.