აკაკი ზოიძე - აუცილებელია, შსს-ს  მივანიჭოთ ბერკეტი, რათა შეეძლოს, სააფთიაქო ნარკომანია აღკვეთოს 
აკაკი ზოიძე - აუცილებელია, შსს-ს  მივანიჭოთ ბერკეტი, რათა შეეძლოს, სააფთიაქო ნარკომანია აღკვეთოს 

ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვასთან ბრძოლასთან ერთად, ჩვენთვის აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები მივანიჭოთ მას შემდეგ, რაც ბაზარზე ნარკოტიკების ბრუნვა შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკი კოიძემ განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაათმაგებულ ძალისხმევას ნარკოტიკების რეალიზაციის აღკვეთის მიმართულებით, რომლის მოწმენიც ჩვენ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვართ. ეს მიზანმიმართული გეგმაზომიერი ქმედებაა, რომელსაც კამპანიური ხასიათი არ ექნება და გაგრძელდება ვიდრე საქართველოს სავაჭრო ბაზარზე ჩვენ ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებას არ შევძლებთ, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ, რომ ნარკოტიკული საშუალება ნარკომომხმარებლებისთვის არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფინანსურად ხელმიუწვდომელი იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევაა, რომელსაც მხარდაჭერა არა მხოლოდ მთავრობისგან და პარლამენტისგან, არამედ მთელი საზოგადოებისგან სჭირდება. ეს თემა საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და ნარკოპოლიტიკის პრობლემა მთელი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი მომავალი განვითარების ძალიან დიდი გამოწვევაა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების რეალიზებას ზღუდავს და ებრძვის ყველა იმ ადგილებში, სადაც ეს ხდება.

„ეს გახლავთ კოკაინისა და ჰეროინის ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ცნობილ თბილისის უბნებშია კონცენტრიტებული, ასევე ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღება და გასვლა იმ წყაროებზე, საიდანაც მიწოდება ხდება, ასევე ის ვითარება, რაც ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო. ყველა ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა. ამ ნაბიჯების შემდგომი განვითარება გეგმაზომიერი და შეუქცევადი იქნება. ამ ქვეყანაში ნარკოტიკებთან ბრძოლის წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით, რომ ამას ალტერნატიული ნარკოტიკული საშუალებების მოძიების მცდელობები აუცილებლად მოჰყვება, მათშორის ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის თემა, როდესაც აფთიაქებიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინება მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ჩვენთვის აუცილებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ ეს ბერკეტი მივანიჭოთ, რათა მთავრობას შეეძლოს, სააფთიაქო ნარკომანია აღკვეთოს. ამით ჩვენ ნარკოტიკების გასაღების ბრძოლასთან შესამჩნევი შედეგების მიღწევას კომპლექსურად შევძლებთ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.