აკაკი ზოიძე - არ შეიძლება, მთელი სასამართლო კორპუსი ორ-სამ ადამიანთან გავაიგივოთ 
აკაკი ზოიძე - არ შეიძლება, მთელი სასამართლო კორპუსი ორ-სამ ადამიანთან გავაიგივოთ 

არაერთი პრინციპული მოსამართლეა და არ შეიძლება, მთელი სასამართლო კორპუსი გავაიგივოთ ორ-სამ ადამიანთან, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უვადოდ განწესებულთა შორის ის მოსამართლეცაა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ზოიძის შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ  ხელისუფლება არ ერევა და არ ახდენს სასამართლოზე ზეწოლას.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით. სწორედ ამიტომ საუბრობენ კოლეგები დროებით მორატორიუმზე. არაერთი პრინციპული მოსამართლეა და არ შეიძლება, მთელი სასამართლო კორპუსი გავაიგივოთ იმ ორ-სამ ადამიანთან, რომელთა მიმართაც კითხვებია. სისტემაში ძალიან ბევრი პრინციპული და დამოუკიდებელი მოსამართლეა, რომელთა დისკრედიტაცია მიუღებელია. კარგია, თუ დღეს რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა, მათ შორისაა მოსამართლე, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს დასტურია, რომ ხელისუფლება არ ერევა და არ ახდენს სასამართლოზე ზეწოლას, როგორც ამას ოპონენტები გვაბრალებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღნიშნულ მოსამართლეს უვადოდ კი არ დანიშნავდნენ, ციხეში ჩასვამდნენ“, – განაცხადა ზოიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, დღეს რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა – ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე, მერაბ ჯორბენაძე.