აკაკი მინაშვილი - ვადამდელი არჩევნები არის გზა, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, თუ შეთანხმება არ იქნება, პარლამენტში შესვლის პერსპექტივას ვერ ვხედავთ
აკაკი მინაშვილი - ვადამდელი არჩევნები არის გზა, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, თუ შეთანხმება არ იქნება, პარლამენტში შესვლის პერსპექტივას ვერ ვხედავთ

პარლამეტში არშესვლა ემსახურება იმას, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რათა ხელისუფლებას ქვეყანაში ლეგიტიმაცია ჰქონდეს და ის ცვლილებები განახორციელოს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის აუცილებელია პოლიტიკური დევნის დასრულება.

„მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გარეთ იყოს, ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ასევე გათავისუფლდეს გიორგი რურუა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ზოგადად პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება, რომელიც უნდა მოხდეს მშვიდობიანი და საარჩევნო გზით, ვადამდელი არჩევნების გზით. ვადამდელი არჩევნები არის გზა, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს და დასტაბილურდეს ვითარება. პრობლემები და კრიზისები, რომლებიც ქვეყანაში ყოველდღიურადაა, გადაიჭრას და ქვეყანამ ნორმალურად განვითარება დაიწყოს, რათა ადამიანებს აქ კარგად ცხოვრება და წარმატების მიღწევა შეეძლოთ. პარლამეტში არ შესვლა თვითმიზანი არ არის. პარლამენტში არ შესვლა ემსახურება იმას, რომ განხორციელდეს ის ცვლილებები, რათა ხელისუფლებას ქვეყანაში ლეგიტიმაცია ჰქონდეს და ის ცვლილებები განახორციელოს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. შეთანხმება მნიშვნელოვანია არა კონკრეტული პარტიისთვის, არამედ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესობისთვის. თუ შეთანხმება არ იქნება, ბუნებრივია, ჩვენ პარლამენტში შესვლის პერსპექტივას ვერ ვხედავთ. მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.