აკაკი მინაშვილი - თუ „ქართულ ოცნებაში“ რომელიმეს მაინც აქვს კეთილგონიერების მცირე ნატამალი, გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს შეთანხმებისთვის
აკაკი მინაშვილი - თუ „ქართულ ოცნებაში“ რომელიმეს მაინც აქვს კეთილგონიერების მცირე ნატამალი, გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს შეთანხმებისთვის

მთავარი, თუ რატომ ვიძახით ვადამდელ არჩევნებს, პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გადაჭრის კრიზისს, რაც არსებობს ქვეყანაში, მოაგვარებს ლეგიტიმაციის ნაკლებობას ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება თალაკვაძე-კობახიძისა და შემდგომ უკვე ღარიბაშვილის ბრიფინგებიდან, რადგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. თუ „ქართულ ოცნებაში“ რომელიმეს მაინც აქვს მცირე ნატამალი კეთილგონიერების, მაშინ გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს შეთანხმებისთვის. ეს შეთანხმება არ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესში, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობენ საქართველოს მოქალაქეები, ამას ამბობენ ჩვენი პარტნიორები. ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ახლა არის მათზე“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება კომპრომისს, მინაშვილის თქმით, როდესაც საუბარია კომპრომისზე მთავარი საფიქრალი არის, როგორ გამოვიდეს ქვეყანა რთული ვითარებიდან.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ გაყალბდა არჩევნები, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება ვითარება და უბრალოდ შეუძლებელია მოქალაქეებისთვის აქ ნორმალურად ცხოვრება, ჩვენ მშვიდად და წყნარად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გარკვეულ გეგმებზე ვსაუბრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ. ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს კრიტიკული კითხვები, თუ რას ვაკეთებთ ამ მოლაპარაკებებზე, მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ურთულეს ვითარებაში. ეს არის უკვე კომპრომისი, მაგრამ თავად კომპრომისზე ლაპარაკიც ცოტათი რთულია, რადგან ჩვენ არ ვლაპარაკობთ კონკრეტულად რომელიმე თანამდებობის პირის დანიშვნაზე, ან რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტის მოწყობაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან. არ არსებობს და არ შეიძლება, იყოს კომპრომისი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. მთავარი, თუ რატომ ვიძახით ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს გადაჭრის კრიზისს, რაც არსებობს ქვეყანაში. ეს მოაგვარებს ლეგიტიმაციის ნაკლებობას ქვეყანაში“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.