აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაიმართება, იმედი მაქვს, მალე კვანძი გაიხსნება
აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაიმართება, იმედი მაქვს, მალე კვანძი გაიხსნება

დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტიისათვის, მათ შორის ჩვენთვის, განსაკუთრებით ორი მთავარი პრიორიტეტული საკითხია, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ამ თვალსაზრისით, ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება. მინაშვილი იმედოვნებს, რომ მალე კვანძი გაიხსნება და კონკრეტული შედეგი იქნება.

„მოლაპარაკებები გრძელდება, ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე და ვნახოთ, რა შედეგი დადგება. ბუნებრივია, მარტივი არ იქნება იმ განწყობის გათვალისწინებით, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს განწყობა გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, მაგალითად, რა განცხადებებიც აკეთა გუშინ ღარიბაშვილმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ წინ. თუ ეს ხალხი უარს იტყვის იმ მთავარ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, შეთანხმება ვერ შედგება, რაც მათი მხრიდან იქნება ნაბიჯი ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ.

ძალიან რთულია პროგნოზირება ჩვენი ოპონენტების, ამ შემთხვევაში ხელისუფლების, რადგან მათი ქმედებები ყოველთვის არის ურთიერთგამომრიცხავი, არათანმიმდევრული და მუდმივად იცვლება. ამიტომ ვამბობ, რომ ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაიმართება, ჩვენი პრინციპი არის ნიკა მელია იყოს გარეთ, თავისუფლებაზე. იმედი მაქვს, ძალიან მალე კვანძის გახსნა მოხდება, მაგრამ როგორი იქნება კვანძის გახსნა, ეს დამოკიდებულია მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“. თუ „ქართული ოცნება“ არ წამოვა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, მაშინ ბუნებრივია, შეთანხმება ვერ შედეგება და გაგრძელდება ისე, როგორც არის, რაც ძალიან სამწუხარო იქნება ქვეყნისათვის.

ყველა თემაზე მიმდინარეობს საუბარი და ყველას აქვს გათავისებული, რომ არის ორი მთავარი საკითხი, რაზეც უკვე ვილაპარაკე. თუ ამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება. რაც შეეხება გირაოს გადახდას, თქვენ ძალიან ბევრჯერ მოისმინეთ ნიკა მელიას და ჩვენი პოზიცია. ეს არის პოლიტიკური გირაო, ეს არის პოლიტიკური იარაღი, რითაც ისინი ცდილობენ და მათ სცადეს, გამოეყენებინათ ნიკა მელიას წინააღმდეგ. ნიკა მელია ამ გირაოს არ გადაიხდის, ეს არის ძალიან ცალსახა, მკაფიო პოზიცია.

გვახსოვს, როგორ გადაწყვიტეს მათ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ჩატარება, რამდენიმე ადამიანი დაჯდა და აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო გადაწყვეტილებამდე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის უნდა დაეპატიმრებინათ. ჩემი აზრით, ძალიან მარტივად შეუძლიათ, ასევე დასხდნენ და მოიფიქრონ სამართლებრივი გზები ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. ამის გზები არსებობს და ჩვენ ეს ბევრჯერ ვუთხარით.

მოლაპარაკება იყო რთული, გრძელდება და საბოლოო ჯამში შეთანხმება დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ნაბიჯს გადმოდგამს „ქართული ოცნება“ ორ მთავარ საკითხზე. საუბარი იყო ყველა თემაზე, რომელიც ჩამოწერილია ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტში, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიტიკული ვითარებიდან. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას გეტყვით და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა შეთანხმება. თუ შეთანხმება მოხდება, იქნება სწრაფი ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, მოხდება პარლამენტში შესვლა, გარდამავალ პარლამენტში, რათა აი, ამ სწრაფი ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადდეს რეფორმები. ეს იქნება გარდამავალი, აუცილებელი, რათა ის რეფორმები განხორციელდეს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ბერკეტების შემოსაღებად, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

პირველად იყო შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ამ ფარგლებში, ამ ფორმატში და სხვასთან შესადარებელი არა გვაქვს, რომ წინ წავიწიეთ, რადგან მანამდე შეხვედრები იყო ცალ-ცალკე, ახლა პირველად იყო შეხვედრა ერთად. ამიტომ ვერ ვადარებ სხვა რომელიმე შეხვედრას და ვერ ვიტყვით, რომ წინ წაიწია ან – არა. ალბათ მალე იქნება კონკრეტული სურათი და კონკრეტულად გაიგებს საზოგადოება, რა და როგორ მოხდება. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.