აკაკი მინაშვილი - მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, ჩაერთოს ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
აკაკი მინაშვილი - მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, ჩაერთოს ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის პოლიტიკური დევნა. უკვე ცხრა წელია ეს პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და პოლიტიკურად მართული სასამართლოს მიერ. ბუნებრივია, მას უნდა მიეცეს საშუალება, ჩაერთოს ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკურ პროცესში, ასევე ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა მათი ნაბიჯი მოტივირებულია იმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.

„ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, მთავარი მომლაპარაკებელი ამ მაგიდაზე უნდა იყოს ნიკა მელია და ის უნდა იყოს გათავისუფლებული. ზოგადად, პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის აუცილებელი. მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა დასრულდეს. მესმის, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის. მათ ეშინიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური პარტიების. ამიტომ, ახლა ყველა მათი ნაბიჯი მოტივირებულია იმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – განაცხადა მინაშვილმა.