აკაკი მინაშვილი - მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ, არის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება
აკაკი მინაშვილი - მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ, არის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება

მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია. მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ უპირველეს ყოვლისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, რადგან პირველ რიგში, თუ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკების გაგრძელება იქნება რთული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აკაკი მინაშვილის თქმით, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

„რაში გამოიხატება ხელისუფლების კომპრომისი? მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, არადა ძალიან კარგად იციან არამარტო მათ, არამედ ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში და შეერთებულ შტატებში, პოლიტპატიმრები მთავარი საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს. ისინი უარს ამბობენ ვადამდელ არჩევნებზე. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას, ამ ორი საკითხის გარეშე ამ რეფორმებს არ აქვს სრულფასოვანი აზრი. არც ერთ ამ კანონმდებლობაში არ არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მართლა შეცვლიდა გარემოს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მთავარი ფაქტორია საარჩევნო ადმინისტრაცია და აქ ცვლილებები არ არის, ხელისუფლებას ისევ ერთპიროვნულად უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნა. მთავარი პრობლემა ქვეყანაში ვერ გადაწყდება, ქვეყანა ნორმალურად ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, თუ არ იქნება ეს მთავარი ორი საკითხი. თუ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ შეწყდება, ვითარება არ დამშვიდდება და არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ რეფორმების შემდეგ“, – განაცხადა მინაშვილმა.