აკაკი მინაშვილი გიორგი ვაშაძეს - მესამე ძალა რომ გახდე, თავი და შნო უნდა გქონდეს, ხმები უნდა აიღო
აკაკი მინაშვილი გიორგი ვაშაძეს - მესამე ძალა რომ გახდე, თავი და შნო უნდა გქონდეს, ხმები უნდა აიღო

მესამე ძალა რომ გახდე, თავი და შნო უნდა გქონდეს, ხმები უნდა აიღო, მხარდაჭერა უნდა მოიპოვო საზოგადოების, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე, მესამე ძალის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, გიორგი ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა მელიას კომპლექსი აქვს.

„მესმის, გიორგი ვაშაძეს გამოსავალი არ აქვს, ცოტა დაბნეულია. ალბათ გარკვეულწილად გრძნობს უხერხულობას. მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა მელიას კომპლექსი. ადამიანი არის დაპატიმრებული და ყველას ძალისხმევა მისი გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული. ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გამოუშვან, ამ დროს ის იწყებს ლაპარაკს პოლიტიკურ განლაგებებზე ადგილობრივი არჩევნებისთვის. რა დროს ამაზე ლაპარაკია.

რა მესამე ძალაზე ლაპარაკობს? თან ამაზე ლაპარაკობს წლებია. მესამე ძალა რომ გახდე, ამისთვის უნდა გქონდეს თავი და შნო. ხელოვნურად კი არ ხდება მესამე ძალის შექმნა ან ჩამოყალიბება ხმები უნდა აიღო, რაღაც ღირებული და ისეთი პოლიტიკური ძალა უნდა გახდეს, რომელსაც შედეგი ექნება. რასაც მიაღწია ვნახეთ. როცა ლაპარაკობს ახლა უკეთესია, ავიღოთ ის ტაქტიკა, რომ ცალ-ცალკე გავიდეთ და ხმები მოვიზიდოთ, შეიძლება, ეს ლეგიტიმური მოსაზრებაა, მაგრამ გვახსოვს, 2020 წლის არჩევნების პერიოდში, როცა ისანში კანდიდატურას აყენებდა, ითხოვდა, ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო და მესამე ადგილზე გავიდა. ამიტომ უნდა დაანებოს თავი სხვა პარტიებზე შეტევას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამასთან, მინაშვილმა „პოლიტიკური ჟულიკობა“ უწოდა გიორგი ვაშაძის  განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დანიელსონის დოკუმენტში ამნისტიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს მთელი “ნაცმოძრაობა” ეთანხმებოდა და ამაზე საჯაროდ ერთხელაც არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა“.