აკაკი მინაშვილი - ჩვენი მხრიდან დათმობა იყო თუნდაც ის, პარტიის თავმჯდომარის დაკავების მიუხედავად, ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში
აკაკი მინაშვილი - ჩვენი მხრიდან დათმობა იყო თუნდაც ის, პარტიის თავმჯდომარის დაკავების მიუხედავად, ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„იყო ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვერ მოხდა „ქართული ოცნების“ დათანხმება, ეს არის მთავარი საკითხი იმ კრიზისის გადასაწყვეტად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმედ, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში. მეორე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი. პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლად მიმდინარეობს, თუმცა ეს გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ამ კვირის განმავლობაშ ყველა კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის პარტნიორები, ევროკავშირში ყველა თანამდებობის პირი საუბრობდა, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

„ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება, დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი და მოქალაქეების ინტერესი. მინდა გითხრათ ჩვენი გეგმა, ჩვენი პოზიცია იმ მომენტამდე, ვიდრე ნიკა მელია არის დაკავებული და არის პატიმრობაში, ვიდრე გიორგი რურუა არის პატიმრობაში ამ მოლაპარაკების სივრცე „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულწილად შეიზღუდა“, – განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი სამარკო ნიშანი არის ტყუილი.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით ძალიან აქტიურად, რადგან მთავარი თემა, პრიორიტეტი იყო ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. რაც შეეხება ოპოზიციის დათმობას,რას ნიშნავს დათმობა, როდესაც ლაპარაკი არის ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება, ეს სირთულეები ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ხდება. ჩვენ ძალიან მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა, გამოსავლის გზა რა არის, ეს დაპირისპირება უნდა დასრულებულიყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტით და უნდა ყოფილიყო სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევდნენ ხელისუფლებას და მისცემდნენ მათ ლეგიტიმაციას. ეს იმიტომ კი არ იყო საჭირო, რომ რომელიმე პარტიის ინტერესი იყო, ეს იყო საჭირო, რათა ქვეყანას დაეწყო განვითარების გზაზე სვლა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დათმობებზე, ოპოზიციამ დავთმეთ თუნდაც იმ კუთხით – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, ჩვენ ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებებში, ეს იყო დათმობა. თუნდაც ის იყო დათმობა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლიდით, მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკება, რათა კიდევ ერთხელ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, გზამდე, რომლითაც მოხდებოდა ქვეყანაში ქვეყნისათვის სასიკეთო ცვლილებები“, – განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ დღეების განმავლობაში ლაპარაკობდა, თითქოს ისინი იზიარებდნენ პარტნიორების პოზიციას, დღეს დადასტურდა, რომ პირიქით, მათ ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს.

ჩ„ვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში უნდა გადაწყდეს მძიმე კრიზისი და ამ კრიზისის გადაწყვეტაში მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ესეც რამდენჯერმე იქნა გაცხადებული, თუმცა „ქართული ოცნების“ ხისტი და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, დღეს შეთანხმება არ შედგება“, – განაცხადა მინაშვილმა.

დატოვე კომენტარი