აკაკი მინაშვილი - ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით, სიტყვა უნდა შევასრულოთ
აკაკი მინაშვილი - ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით, სიტყვა უნდა შევასრულოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტიის შესვლას კრიტიკულად უყურებს რამდენიმე მიზეზის გამო.

ამასთან, როგორც მინაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ფართო ჩართულობით მიიღება.

„ეს ძალიან კარგი პროცესია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებს, როგორც პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ განიხილავს, საჯაროდ შლის დისკუსიებს და საბოლოო გადაწყვეტილება ფართო ჩართულობით მიიღება. თამაშის წესი შემდეგნაირია და ეს დემოკრატიის წესია, როდესაც ყველა უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში შესვლას კრიტიკულად ვუყურებ რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, ამომრჩეველს შევპირდით, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით და თუ გვსურს, რომ ამომრჩეველი გამოგვყვეს, ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ. მეორე – მიმაჩნია, რომ ნაცვლად საპარლამენტო დისკუსიებისა, რომელიც მიტაცებული პარლამენტის პირობებში ვერ იქნება სრულფასოვანი და ეფექტიანი, ჩვენ მთელი დრო მოქალაქეებთან ურთიერთობას და მათთან კომუნიკაციას უნდა მოვანდომოთ, რათა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება გადამწყვეტი მომენტისათვის შემოდგომაზე. მესამე – ქვეყანაში ნორმალურობის განცდა არ უნდა შევქმნათ, რადგან კრიზისი ხელმოწერით არ დაიძლია, პირიქით – კრიზისი გაღრმავდა და დემოკრატიულობისა და ნორმალურობის ფასადი არ უნდა შეიქმნას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.