აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სხვადასხვა ტიპის პოზიცია და არა დაპირისპირება
აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სხვადასხვა ტიპის პოზიცია და არა დაპირისპირება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეულმა თავმჯდომარემ უპრეცედენტოდ მაღალი ლეგიტიმაციით გამოაცხადა პარტიის გეგმა, რომ ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სტრატეგიას მიყვება.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სხვადასხვა ტიპის პოზიცია და არა დაპირისპირება.

„მთავარი, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, არის ის, რომ რუსეთი ამ ომში მარცხდება. ძალიან მალე პუტინის რეჟიმს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც საქართველოსთვის კიდევ ერთი დამატებითი შანსია, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ქვეყანაში მძიმე ვითარებაა ამ ხელისუფლების პირობებში და ახლა ყველას მთავარი საფიქრალი არის, რომ შევცვალოთ რუსული ოცნება. ეს არის მთავარი დისკუსიის საგანი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეულმა თავმჯდომარემ უპრეცედენტოდ მაღალი ლეგიტიმაციით გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა და სტრატეგია, რომ ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სტრატეგიას მიყვება. არავითარი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის. ჩვენ ვართ ერთიანი ამ სტრატეგიაში და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ხელისუფლების ცვლილება, რადგან ეს გაუხსნის გზას ჩვენი ქვეყნის წარმატებას. განსხვავებულ აზრებთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, თქვენ ალბათ აკვირდებოდით პოლიტიკურ მოვლენებს ამ წლების განმავლობაში და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია ეს სტრატეგია. პარტიაში არის სხვადასხვა ტიპის პოზიციები, ჩვენ ავირჩიეთ ღია დისკუსია და ღია მსჯელობა ამაზე. იმ დროს, როდესაც საკითხი წყდებოდა, შესულიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, აზრი გაიყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ ამ თემაზე ღიად ემსჯელა. თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა ღიაობის პრაქტიკა. „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა მისი წევრი, მისი თავმჯდომარე გაერთიანებულია საერთო მიზანში, რომ ჩვენ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამასთან, მინაშვილი აღნიშნავს, რომ რაც პარტიის ოფისში მოხდა, ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

„სამწუხაროა, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ არიან პარტიაში, მიმართავენ ასეთ აგრესიულ მოქმედებას, რაც მკაფიოდ არის აღწერილი გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჩვენი არჩევანია „ქართული ოცნების“ დამარცხება. პარტიას ჰყავს უპრეცედენტოდ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მმართველობა, დაახლოებით 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ეს იყო ღია არჩევნები. ჩვენი მიდგომა, გარდა ღია დისკუსიისა, არის, რომ მივესალმებით ყველანაირ კრიტიკულ შენიშვნას თავმჯდომარისა და მმართველობის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, აგრესიული რიტორიკა, პროვოკაციული ქმედებები არის მიუღებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ არ თანამშრომლობს დავით კეზერაშვილთან. უცნაურია, რომ კითხვა დაიბადა ამის ირგვლივ. ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი არის ივანიშვილი და მის მიერ მართული რუსული ოცნება და ყველას მიზანია, რომ დამარცხდეს „ქართული ოცნება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ინციდენტთან დაკავშირებით კადრების გასაჯაროების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ კი აკაკი მინაშვილმა აღნიშნა: „ძალიან უცნაური საკითხია, ვინმეს ჰგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სამუშაო კაბინეტებში აქვს კამერები დამონტაჟებული? ვინმეს ეს განცდა აქვს? ამას სუს-ი აკეთებს და ამის მხილება ძალიან ხშირად მოხდა. მათ ექნებათ ალბათ დამონტაჟებული“.