აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს
აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს

ვიდრე ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

„ამიტომ, როცა ლაპარაკია პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის მთავარი საკითხები. თავისთავად, ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების – ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ასევე, ვადამდელი არჩევნები აუცილებელი წინაპირობაა, რათა ქვეყანაში მოგვარდეს კრიზისი“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს.

„ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, და ამ მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწერს ხელს შემდეგი მიზეზების გამო: უპირველესად, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში. აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც ამ შეთანხმებაშია, ესაა ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს ასევე იმ ადამიანებს, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადამეტებული ძალის გამოყენებით და გადამეტებული ძალადობით ზიანი მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ასევე ამ შეთანხმების სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. ანუ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უნდა იყოს თამარ ჟვანია და გაურკვეველია, ზოგადად, ამ დოკუმენტით, როდის ხდება ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს 5 წლის განმავლობაში. ახალ მოსამართლეებზე საუბარი არ არის, ძველი მოსამართლეებია და რეალური სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ სისტემაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები.

დაბოლოს, შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე. ეს არის არასწორი მიდგომა, თვისებრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი