აკაკი მინაშვილი - 15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება
აკაკი მინაშვილი - 15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება

15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს თავის პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება და ეს მშვიდობიან ცვლილება უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი 15 მაისისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციის სამზადისს შეეხებოდა.

„შეხვედრის მთავარი მიზანი და მსჯელობის საგანი იყო 15 მაისისთვის მომზადება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანაში ცვლილება განხორციელდეს. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს თავის პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება და ეს მშვიდობიან ცვლილება უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნებით“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური მექანიზმი ვადამდელი არჩევნებია.

„თვითმიზანი არ უნდა იყოს რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერა, მიზანი არის რომ ქვეყანაში ვითარება გამოსწორდეს. ბუნდოვანი არის მთავარი საკითხი, პოლიტიკურ დევნილებთან მიმართებაში. არაფერი საუბარი არ არის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. არავის არ გამოუგონებია ყველაზე ეფექტური მექანიზმი ქვეყანაში კრიზისის დაძლევისთვის, გარდა ვადამდელი არჩევნებისა, ამიტომ, ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი იყო შარლ მიშელის იმ დოკუმენტში. ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში, ვერ იქნება ვერანაირი შეთანხმება და მით უფრო რთულია რაიმე სახის შეთანხმებაზე საუბარი, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მთავარი მომლაპარაკებელი, არის დაკავებული“, – განაცხადა მინაშვილმა.

ამასთან, მინაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტზე ხელს მოაწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მოხდება პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებზე.

„ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ ვაწერთ. დოკუმენტზე ხელის მოწერა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება პოლიტიკურ დევნილებზე, პოლიტპატიმრებზე და პირველ რიგში აქ არის მელია და რურუა და ვადამდელ არჩევნებზე. თუ მოხდება ორივეზე შეთანხმება, მოხდება ხელმოწერა“, – განაცხადა მინაშვილმა.