აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ თუ არ მოხსნის ოპოზიციის მანდატებს, ვეცდებით, მოვახსნევინოთ, თუნდაც სასამართლოს გზით
აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ თუ არ მოხსნის ოპოზიციის მანდატებს, ვეცდებით, მოვახსნევინოთ, თუნდაც სასამართლოს გზით

„ქართული ოცნება“ არ მოხსნის მანდატებს, რადგან მათთვის არის კოშმარული პერსპექტივა, თუ იურიდიულად დაფიქსირდება ერთპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„კანონის იგნორირებით თუ კანონის დაცვით, ხვალ ისინი სადეპუტატო უფლებამოსილებებს, სამწუხაროდ, არ მოხსნიან. ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი თვითნებობისა, კანონის დარღვევისა და ძალაუფლების უზურპაციისა“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანები აიძულო, იმუშაონ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ იქ, სადაც არ უნდათ, რომ იყვნენ.

„თუ არ მოხსნიან მანდატებს, ვეცდებით მოვახსნევინოთ, თუნდაც სასამართლოს გზით. თუ მოხსნიან, მაშინ უკვე დავიწყებთ მოლაპარაკებების გამართვას „ქართულ ოცნებასთან“ ახალი რეალობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლის შანსები აღარ იქნება, რადგან ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება შეწყვეტილი, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, ერთპარტიული პარლამენტის მდგომარეობიდან გამოსავალზე იფიქროს მხოლოდ ერთადერთი მიმართულებით – ახალი არჩევნებით. მაშინ, როდესაც დღეს, სანამ უფლებამოსილება არ არის შეწყვეტილი, ისინი ახალ არჩევნებზე კი არ ფიქრობენ, არამედ ცდილობენ, ერთპარტიულობა შეცვალონ ჩვენი შეყვანით პარლამენტში და რაც უფრო მალე დაესმება წერტილი ამ უიმედო მცდელობას, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება უფრო მომგებიანი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.