აკაკი ბობოხიძე - ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გავლენა არ ექნება ოპოზიციურ გაერთიანებაზე, მინდა, გული გავუტეხო ამის მსურველებს
აკაკი ბობოხიძე - ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გავლენა არ ექნება ოპოზიციურ გაერთიანებაზე, მინდა, გული გავუტეხო ამის მსურველებს

ჩვენ არც ვართ ერთად და ვერც დავტოვებთ იმას, რაშიც არ ვართ ერთად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ოპოზიციურ ერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ერთი მოთხოვნის გარშემო არიან გაერთიანებულნი, პოლიტიკური ვექტორების მიუხედავად.

„ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. იღებს და მომავალშიც დამოუკიდებლად მიიღებს. რაც შეეხება იმას, იქონიებს თუ არა გავლენას ოპოზიციურ გაერთიანებაზე, გული მინდა, გავუტეხო ამის მსურველებს. ეს გავლენას არ იქონიებს, რადგან ჩვენ ყველანი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, პრორუსული თუ პროევროპული პარტიები შეთანხმებული ვართ ერთ მოთხოვნაზე – საქართველოში უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და ამის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მიმართულების პარტიას დაუჭერს მხარს. დღეს ერთადერთი კაცი, რომელიც ცდილობს, საერთო თამაშის წესების ნაცვლად, თავზე მოგვახვიოს თავისი შეხედულებები, არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ არც ვართ ერთად და ვერ დავტოვებთ იმას, რაშიც არ ვართ ერთად. ჩვენ ვართ ყველანი ერთად იმიტომ, რომ გვინდა პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.