აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დარჩებიან პარტიაში იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობაზე
აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დარჩებიან პარტიაში იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დარჩებიან პარტიაში იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბობოხიძის თქმით, არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, პარტიაში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

მისივე თქმით, არ არის მოსალოდნელი რომელიმე წევრის მიერ პარტიის დატოვება.

„პარტიის წესდება ითვალისწინებს არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გარკვეულ ცვლილებებს ავტომატურ რეჟიმში. ასე რომ, ის, რაც თქვენთვის არის მოულოდნელობა, სენსაცია და ა.შ. რეალურად ეს არის ჩვეულებრივი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ცვლილებებისა.

ეს გადაწყვეტილება რომც მივიღოთ, ყველაფერი მოხდება წესდების მოთხოვნებიდან გამომდინარე. სიტყვა პარტიის დატოვება საერთოდ გამორიცხეთ. პარტიის თავმჯდომარე რომც შევცვალოთ, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ გვყავს პარტიის წევრები, რომლებიც მხოლოდ მაშინ არიან ამ პარტიაში, თუ პარტიის ლიდერები არიან? პარტიის წევრები რჩებიან პარტიის წევრებად, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პოზიციაზე არიან.

არ ველოდებით, რომ ვინმე დატოვებს პარტიას. მე ვერ წარმომიდგენია ჩემს გუნდში ადამიანები, რომლებიც პარტიას ან პოლიტიკურ იდეოლოგიას ირჩევენ იმის მიხედვით, აქვთ თუ არა პოლიტიკური თანამდებობა.

პარტიის პოლიტიკური ლიდერები, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა მომავალში პოლიტიკურ თანამდებობაზე, დარჩებიან პარტიაში. პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა არ ნიშნავს პარტიიდან წასვლას. ნუ მიაყენებთ ამ შეურაცხყოფას პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი პარტიაში არიან არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური თანამდებობები უჭირავთ, არამედ იმიტომ, რომ ამ პარტიას აქვს ღირებულებები და ამით ღირებულებები ხო არ იცვლება?!“, – განაცხადა ბობოხიძემ.