აკაკი ბობოხიძე - ჩვენ რომ გამართული მართლმსაჯულება დაგვეტოვებინა, გახარია პასუხს სამომავლოდ კი არ აგებდა, არამედ ახლავე
აკაკი ბობოხიძე - ჩვენ რომ გამართული მართლმსაჯულება დაგვეტოვებინა, გახარია პასუხს სამომავლოდ კი არ აგებდა, არამედ ახლავე

ჩვენ რომ გამართული მართლმსაჯულება დაგვეტოვებინა და არა ბიძინასთან გადაბარგებული, გახარია პასუხს სამომავლოდ კი არ აგებდა, არამედ ახლავე და ია კერზაიას მკვლელი უკვე დასჯილი იქნებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ოღონდ, არა ამ შვიდწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ სწორედ 2003 წლიდან გამომდინარე გამოცდილებიდან და აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მართლმსაჯულების სისტემის რეორგანიზაცია, რომ არც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდეს ანგარიშსწორების საშუალება 2020 წლიდან უკვე წასულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და შემდეგ, 2024 წელს, როცა ჩვენ გადაგვირჩევენ, ანგარიშსწორებით არც ჩვენ გვაგებინონ პასუხი. თუ დანაშაულს ჩავიდენთ, რა თქმა უნდა, უნდა ვაგოთ პასუხი. ოღონდ, მომავალი ხელისუფლება რომ მოვა მაშინ კი არა, არამედ იმავე ხელისუფლების პირობებში; ხელისუფლების კეთილი ნების გამო კი არა, მართლმსაჯულების გამართული სისტემის გამო“, – განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ანგარიშსწორებას არა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ, არამედ მისი რიგი წარმომადგენლების მიმართ, ვინც „ქართული ოცნების“ მხარეს არ გადავიდა. 

„2012 წელს სამართლიანობის აღდგენით მოსული ხელისუფლებიდან დღეს რომელიმე მათგანი ამბობს, რომ ანგარიშსწორებით იმოქმედა?! არა, ყველა ამბობს, რომ სამართლიანობის და კანონიერების ფარგლებში იმოქმედეს. თუმცა, ჩვენ დასაბუთებულად მიგვაჩნია, რომ ისინი პირად ანგარიშსწორებას ეწეოდნენ. მაგალითად, ბობოხიძე, წიკლაური და აგერ, ბატონი ბოტკოველი, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარეს არ გადავიდნენ, დარჩნენ მუდმივად მტრები და წარსულზე პასუხისმგებლები. აგერ, ბატონი გოჩა თევდორაძეც აღარ აგებს პასუხს წარსულზე, რადგან 2012 წლიდან აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ ვინც „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, დეპუტატები, ბატონი ოქრუაშვილი, ბატონი ენუქიძე და კიდევ უამრავი სხვა ბატონი, უცებ გახდნენ კარგები. ანუ, მთავარი ის კი არ აღმოჩნდა, ადრე რას ვაკეთებდით, არამედ ის, ბოლოს ვინ სად აღმოვჩნდით. დაიჭირეს ნაკანი, რომა შამათავა, მაგრამ ვისი ხელით?! – ფარცხალაძის ხელით. ლაპარაკი არ მაქვს ვანო მერაბიშვილსა და ახალაიაზე. ერთი და იმავე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი სხვადასხვანაირად შეაფასეს, რამაც საფუძვლიანად გვაფიქრებინა, რომ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ბობოხიძემ.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანგარიშსწორება იმიტომ შეძლო, რომ 2003-2012 წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა „ვერ და არ შეძლო“.

„სწორედ ამან მისცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება, რომ მართლმსაჯულება პირადი ანგარიშსწორების დონეზე დაეყვანა. ჩვენ ვამბობთ, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს იმ სისტემის რეფორმირება, რომელიც მომავალში, არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, მართლმსაჯულება პირადი ანგარიშსწორების თემად აქციოს. განა, დანაშაულზე არ უნდა დაისაჯონ?! დანაშაულზე უნდა დაისაჯონ და დამნაშავეებს უნდა სჯიდეს მართლმსაჯულების სისტემა იმის მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლებაში, ან მომავალში ვინ მოვა. ჩვენ რომ მართლმსაჯულების რეფორმა თავის დროზე სწორად და კარგად გაგვეკეთებინა, ივანიშვილი ვერ შეძლებდა პირადი ანგარიშსწორების მიზნით მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.