აკაკი ასათიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე იყო, ამიტომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად თავი არ გამოუდია
აკაკი ასათიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე იყო, ამიტომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად თავი არ გამოუდია

ზვიად გამსახურდია იყო კაცი, რომელსაც თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა სჯეროდა მაშინ, როცა ამაზე უკეთეს შემთხვევაში გიპასუხებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გიჟიაო, ზვიადზე და მერაბზე იძახდნენ. მეც მჯეროდა და მწამდა, რომ გავთავისუფლდებოდით, მაგრამ ესენი იბრძოდნენ ციხეების, დევნის და შევიწროების ფასად“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

როგორც ასათიანმა აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება იმიტომ არ მოხდა, რომ ისინი თავის თავზე არ გამოიძიებდნენ საქმეს.

„ზვიადი იყო კაცი, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა. მას ნებისმიერი რაღაც შეეძლო, ხომ. ლაპარაკი არ არის მეცნიერულ კარიერაზე, ან რამე თანამდებობრივზე. ვიცით, ვისი შვილი იყო და სხვა თუ არაფერი, მამამისის სახელიც გამოადგებოდა და თვითონაც უაღრესად განათლებული კაცი იყო. შევარდნაძე კი იყო კაცი, რომელმაც თავი კარიერას შესწირა. მათ შორის უპრინციპულესი განსხვავება იყო. იმას ჰქონდა რწმენა სამშობლოს, ღვთის, რაღაც იდეალების, ამას კი ერთადერთი, ძალაუფლების რწმენა ჰქონდა, რისი ოსტატიც იყო და აბა, როგორ გამოძიებდა ზვიადის საქმეს. თავის თავზე გამოიძიებდნენ, თუ როგორ იქნებოდა ეს ამბავი“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.

ამ განცხადებით აკაკი ასათიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დადგენა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე იყო, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობდა და ამიტომ, საქმის გამოსაძიებლად მაინცდამაინც არც მათ გამოუდიათ თავი, რადგან ეს საკითხი ასე თუ ისე, მათ ხელისუფლებასაც შეეხებოდა.

როგორც „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა კარგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყნისთვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებლობა სირცხვილია, მაგრამ რეალურად, დღემდე ასევე გამოუძიებელია აშშ-ის პრეზიდენტის, კენედის მკვლელობის საქმეც და ზოგადად, ასეთი ტიპის მკვლელობები, ყოველთვის მითოლოგიური ბურუსით არის ხოლმე მოცული.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილში ნათქვამია, რომ ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა და ეს ასეცაა, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ერთი კაცის სიცოცხლეში ასეთი საშინელი ურჩხული დამარცხდეს, დანარჩენი კი ჩვენზეა, გამოძიება იქნება ეს, თუ ისეთი საქართველო, როგორიც ზვიად გამსახურდიას სურდა.