აკაკი ასათიანი - დასავლური ტიპის განვითარებული ქვეყანა უნდა ვიყოთ და პრობლემები თანდათანობით არ გვექნება
საგარეო პოლიტიკაში და თავდაცვაში ძირითადად სწორი ხაზი ხორციელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნელია და არააქტიური, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„არ შეიძლება, რადგან ოპოზიციაში ვარ, ხელისუფლებას კრიჭაში ჩავუდგე და ეს არ ვთქვა. სტრატეგიული გეზის თვალსაზრისით, ხელისუფლების ხაზი სწორია, რადგან არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურად და რაც მთავარია, კულტურულად ევროატლანტიკური სივრცე ერთიანია, რომლის სახელწოდებაც სინამდვილეში, ქრისტიანულ ცივილიზაციას ნიღბავს, რადგან ატლანტიკის აღმოსავლეთით და დასავლეთით ქრისტიანული სამყარო მდებარეობს. ჩვენ ამდენად ვართ მისი წევრები. ამიტომ, მგონია, რომ ეს პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა ასათიანმა.
ამ განცხადებით აკაკი ასათიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას მიიჩნევს ის ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად და თუ მისი ხედვა მმართველი გუნდის ხედვისგან განსხვავდება, როგორ აპირებს თავისი ხედვის გატარებას, რადგან პრეზიდენტი იმ პოლიტიკის წარმომადგენელია, რომელსაც ხელისუფლება, მმართველ გუნდთან ერთად, პარლამენტში შეიმუშავებს.
აკაკი ასათიანის თქმით, საქართველოს ძალიან მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს ახლო მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ხოლო რუსეთს რაც შეეხება, პრეზიდენტი უნდა გახდეს ინიციატორი, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით მინსკის მსგავსი ფორმატი შექმნას, ოღონდ, შემადგენლობა აშშ-ის მონაწილეობით არის სასურველი.
„ნატო-ს წევრობა არა მარტო ჩვენ, მათაც სჭირდებათ და ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, როგორც ევროასოცირება. ისინი ამას გარკვეული კრიზისის დროს გადაწყვეტენ. ჩვენ დასავლური ტიპის, დემოკრატიული, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა უნდა ვიყოთ და პრობლემები თანდათანობით არ გვექნება“, – განაცხადა ასათიანმა.
გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რაში გამოიყენებს ის პრეზიდენტის პოლიტიკურ პლატფორმას, აკაკი ასათიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აქტიურ კონტაქტში უნდა იყოს ხალხთან და საზოგადოებრივად აქტიური უნდა იყოს.
„მას შეუძლია, საზოგადო მოღვაწის დონეზე, გაცილებით მაღალი ტრიბუნიდან, გაცილებით მეტი სახელმწიფო ავტორიტეტით მოსილმა აწარმოოს კამპანია მაგალითად, მარიხუანასთან დაკავშირებით და მარიხუანას კულტივირება-გასაღების პროპაგანდისტი არ იყოს; ის უნდა მონაწილეობდეს ისეთი თემების განხილვაში, როგორიცაა მაგალითად, მიწის გაყიდვა; მას განათლების სფეროშიც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და შეუძლია, თავისი ფონდის მეშვეობით ქართული კულტურის წახალისება, მისი ჩავარდნილი მიმართულებების ამოწევა პრემიებით, დაწინაურებით და ა.შ.“ – განაცხადა აკაკი ასათიანმა.