აკაკი ასათიანი - არ შეიძლება, ყოველი არჩევნების წინ სისტემაზე იყოს დავა და კამათი
აკაკი ასათიანი - არ შეიძლება, ყოველი არჩევნების წინ სისტემაზე იყოს დავა და კამათი

არ შეიძლება, ყოველი არჩევნების წინ სისტემაზე იყოს დავა და კამათი, – ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„აშშ-ში ყოველი არჩევნების წინ არ დაობენ სისტემაზე. შეუძლებელია ასე ცხოვრება. ხომ არ შეიძლება, ყოველი არჩევნების წინ სისტემაზე იყოს დავა და კამათი?! თან, ახლა, განსაკუთრებული თავგამოდებით ზუსტად ისინი დაობენ, ვისაც თავის დროზე, ყველა საშუალება ჰქონდათ, ეს გადაეწყვიტათ – იმავე „ნაციონალებს“, იმავე „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებს, ახლა გასულებს თუ უფრო ადრე გასულებს“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა კარგი იყო იმით, რომ იყო მარტივი, ყველასთვის გასაგები, სამართლიანი, გაუთვალისწინებელი ხმები არ იკარგებოდა და ამას ყველა მიესალმებოდა, მაგრამ პირობა უკვე დაირღვა და მოცემულ ვითარებაში, თუ გერმანული მოდელი კომპრომისად შედგა, ამ ეტაპზე დაპირისპირებას მოხსნის. 

„გერმანული მოდელი უფრო მეტ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს და საკმაოდ გამოუცნობია, რაც კარგია. ეს ფეხბურთის მატჩივითაა – თუ ანგარიში წინასწარ ვიცი, თუ ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ არ ხვდებიან, ესპანეთის ჩემპიონატს ნაკლებად ვუყურებ, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგას, მესამე-მეოთხე ლიგის გუნდი როცა ხვდება „ლივერპულს“ ან „მანჩესტერს“, იმასაც კი ვუყურებ, რადგან შანსი 50-50-ზეა და შეიძლება, უფრო სუსტმა მოუგოს. გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაში გერმანული მოდელი იქნება კომპრომისი, შეთანხმება და მინიმუმ, პოლიტიკურ დაპირისპირებას მოხსნის. დიდად, არ მეხატება გულზე, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც პროცესს, რომელმაც შეიძლება, კომპრომისამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, გერმანული მოდელი იდეალური სისტემა არ არის და შეუძლებელია, ასეთი სისტემა არსებობდეს, მაგრამ მოვა თაობა, რომელიც გაიაზრებს, რომ საქართველო თავისებური ქვეყანაა, სიპატარავის მიუხედავად მრავალფეროვანი და მას ერთი პალატა პროპორციული უნდა ჰყავდეს, ერთი პალატა კი, 50 კაცი მაჟორიტარულად არჩეული, რეგიონების და მხარეების წარმომადგენლებად.

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებს სისტემები არ წყვეტს და სისტემით მოგებას არ უნდა ეცადო.

„თუ საქმე წასული გაქვს, ის მაინც წავა. არჩევნებს სხვა რამე წყვეტს. 1990 წელს, არჩევნების წინ რომ შევიკრიბეთ, ზოგი რას ფიქრობდა, ზოგი რას. გამოქვეყნდა, რომ ჩვენ 25% გვექნებოდა და კომუნისტებს 31%. ზოგმა თქვა, კარგიაო, ზოგმა – ეს ცუდია, მეტი გვექნებაო, გამსახურდიამ კი თქვა, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნებაო. საერთოდ, განწყობა ასეთი უნდა იყოს ლიდერის და იმ ჯგუფის, რომელიც ამ საქმეს ემსახურება. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა სისტემას არ აქვს“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.