აივ ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში ხანგრძლივი მოქმედების ინექციური მედიკამენტის, „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 29-30 სექტემბერს უზბეკეთში, ქ. უზბეკეთში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერების საკითხებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი აკაკი აბუთიძე, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანგრძლივი მოქმედების ინექციური მედიკამენტის, „ლენაკაპავირის“ დანერგვას აივ ინფექციის პრევენციისთვის.
„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ინოვაციურ მიდგომას დანერგავს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აივ/შიდსის სამსახური რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა თანამედროვე პრევენციული მიდგომების დანერგვის, ინოვაციების ათვისებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.